სოფელ ლეღვაში გუშინ კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სოფელ ლეღვაში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, გუშინ კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ინფიცირებული ოჯახების მეზობლები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. სოფელ ლეღვაში ქობულეთის მერის წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფელში უკვე შემოწმდა 306 ადამიანი, მათგან შვიდს სიცხე დაუფიქსირდა და მათზე ექიმები დაკვირვებას აწარმოებენ.
სოფელ ლეღვაში არსებული სასურსათო მაღაზიები კი ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ, როგორც მაღაზიის მფლობელები აცხადებენ, მოსახლეობა სოციალურ დისტანციას იცავს და რეკომენდაციებს ითვალისწინებს. რაც შეეხება მაღაზიების მომარაგებას, მათი მომარაგება დღეს იგეგმება. სოფლებში ფუნქციონირებას განაგრძობს ე.წ. მობილური, მოძრავი ბაზრებიც.