თანასოფლელებს შორის სარწყავი წყლის გამო დაწყებულ დაპირისპირებას 33 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლევან კაპანაძე გორის სამედიცინო ცენტრ „გორმედში“ გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ქალა-ტვინის ტრავმით ერთი კვირის წინ შეიყვანეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში მოხდა. თავის არეში ბლაგვი საგნით ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანება მეზობელმა მიაყენა. 70 წლამდე ქალი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მელიორაციის სამსახურში აცხადებენ, რომ მათი კომპანია კარბის მხოლოდ ერთ ნაწილს ემსახურება და სოფლის მეორე ნაწილი სარწყავად მდინარე მიკრეულას წყალს მოიხმარს.