„სითი პარკის“ მფლობელები კახა კალაძის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებას, მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, „სითი პარკის“ მფლობელები განცხადებით ეხმაურებიან.

კომპანიის მფლობელები გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
კომპანიის მფლობელი დევიდ პილა აღნიშნავს, რომ ხელისუფლება მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, უგულებელყოფდა ინვესტორის მხრიდან სისტემატურ კომუნიკაციას და იმ გარემოებას, რომ ამჟამად მიმდინარეობს ორი სასამართლო პროცესი, რომელშიც შ.პ.ს. „სითი პარკი“ დავობს მის მიმართ კანონდარღვევის ბრალდებების საკითხზე, რომელიც აბსურდულია.

„სითი პარკის” განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, დავა კანონის შესაბამისად უნდა გადაწყდეს. რაც შეეხება კერძო საკუთრების დაცვას, მისი თქმით, 2017 წელს საქართველო ამ კუთხით 74 პოზიციით დაწინაურდა.