სიძულვილის ენა და ბულინგის კამპანია

პოსტსაარჩევნო დაძაბულ გარემოს კიდევ უფრო ამძაფრებს ბულინგი, რომელმაც განსაკუთრებით სოციალური ქსელი მოიცვა.

მოსყიდულები, ველურები, ჩამორჩენილები, ქვეყნის გამყიდველები, პრორუსები – ძირითადად ამ ეპითეტებით მოიხსენიებენ ადამიანებს, რომლებმაც 26 ოქტომბერს არჩევანი მმართველი პარტიის სასარგებლოდ გააკეთეს. თუ წინა წლების არჩევნებს გავიხსენებთ, ხელისუფლების ამომრჩეველთა მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები სიახლე არ არის, თუმცა აგრესიის მასშტაბები ახლა მკვეთრად გაზრდილია. მმართველი გუნდის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირება ოპონენტების მხრიდან ავტომატურად ანტიევროპულ და პრორუსულ პოზიციად ცხადდება. მითუმეტეს, რომ სიძულვილის ენის და ბულინგის წახალისებას საკუთარი გამოსვლებით ხშირად თავად პოლიტიკური ლიდერებიც უწყობენ ხელს. ამ კონტექსტში განიხილება ხელისუფლებასთან მწვავედ დაპირისპირებული და ოპოზიციასთან კოორდინაციით მოქმედი პრეზიდენტის განცხადებები და მიმართვები, რომლებიც საზოგადოების დაყოფის მცდელობად ფასდება. სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც წარსულში იმავე ოპოზიციის და მისი მხარდამჭერების მხრიდან თავადაც არაერთხელ გამხდარა თავდასხმების სამიზნე, საზოგადოებას ბოლო არჩევნებზე გაკეთებული არჩევანის მიხედვით ყოფს.