პარლამენტში შესვლას წინ კიევში გამართული კონსულტაციები უძღოდა.
19 აპრილის შეთანხმების გაფორმების შედეგად, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, პარტიის ლიდერები სათათბიროდ მიხეილ სააკაშვილთან გაემგზავრნენ, რომელიც პოზიციის არაერთხელ შეცვლის შემდეგ, ბოლოს გუნდს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებდა. მანამდე კი იყო შვიდთვიანი ბოიკოტი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ფასილიტაცია-მედიაციის ხანგრძლივი პროცესი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში არ შესვლის პოზიციის ყველაზე აქტიური დამცველი იყო. ამ საკითხზე გუნდში განსხვავებული პოზიციის გამო პარტიამ გააკრიტიკა გრიგოლ ვაშაძე, მანდატის მიღების და მიშელის შეთანხმების ხელმოწერის გამო გუნდიდან იგივე რეაქციები მიიღო სალომე სამადაშვილმაც, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გამო პარტია არც დანარჩენი ოპოზიციის მწვავე კრიტიკას მორიდებია. რატომ აღმოჩნდა ამ ყველაფრის შემდეგ 29 მაისს პარლამენტში შესვლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, – ანა ბროლაძე გაგვახსენებს შვიდთვიან პროცესს.