საქართველოს პარლამენტთან, ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას კვლავ აპროტესტებენ. ამბობენ, რომ კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოებისა და მადნის მოპოვების პროცესში, მათი სახლები დაიბზარა, აგრეთვე დაზიანდა ნაკვეთები. განმარტავენ, რომ აღნიშნულისთვის კომპენსაციები ნაწილს ჯერ საერთოდ არ მიუღია, ნაწილმა მიზერული თანხები მიიღო, კომპანიის გასაჯაროებულ ბანკის ამონაწერებზე კი აცხადებენ, რომ გაყალბებულია. პროტესტის მონაწილეები პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობას და დამატებითი კომპენსაციების მიღებას ითხოვენ. რაც შეეხება, „ჯორჯიან მანგანეზს“, კომპანიაში აცხადებენ, რომ აქციის ორგანიზატორებს სრულად აქვთ მიღებული საკომპენსაციო თანხები. ორგანიზაციამ ჩარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერებიც გაასაჯაროვა. მათი თქმით, აქციის რამდენიმე მონაწილეს საკომპენსაციო თანხა ჯერ არ მიუღია, რადგან შუქრუთის მოსახლეობა სამ კატეგორიად იყოფა. პირველ რიგში კომპენსაციები გაიცემა ყველაზე მეტად დაზარალებულ პირებზე, რომლებიც პირველ კატეგორიაში არიან. „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, რომ პროტესტის მთავარი მიზანი, დამატებითი კომპენსაციების მიღებაა.