შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ახალი თემა ხდება.
ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს საარჩევნო პროცესს, სადაც მმართველი პარტიის კანდიდატებმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს. კახა კუკავას პარტიის და საინიციატივო ჯგუფის გარდა არჩევნებში არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა. იმ ფონზე, როცა ოპონენტების ნაწილი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს აანონსებს, ხელისუფლებისთვის გაურკვეველია, რატომ გამოუცხადა ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი. „ქართული ოცნება“ გადაწყვეტილებას მარცხის შიშით ხსნის და საკუთარ პოზიციას იმ ციფრებით ამყარებს, რომლებიც დღეს გამოაქვეყნა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, საკრებულოების და მერების არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატებს შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესებული აქვთ. 29 აპრილს მოქალაქეებმა 10 მუნიციპალიტეტში პარლამენტის და საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატები და ცაგერის და თერჯოლის მერები აირჩიეს. ეს იყო პირველი არჩევნები, როცა საარჩევნო უბნების დიდ ნაწილზე კენჭსყრის პროცესმა ელექტრონულად ჩაიარა.