შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია. ორივე ოლქში – რუსთავსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა ცესკო-ს თავმჯდომარემ, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ დროისთვის ყველა ხმა დათვლილია. წინასწარი მონაცემებით, ბათუმში მათე ფუტკარაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – მიიღო 3 244 ხმა, რაც ხმების 30,98%-ია; „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა რამაზ ჯინჭარაძემ კი – 7 225 ხმა დააგროვა, რაც ხმების 69,01%-ია. რაც შეეხება რუსთავს, აქ სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული. „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ – მას ერგო 2 634 ხმა, რაც 6,95 პროცენტია. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა მიიღო – 34 333 ხმა, რაც 90, 61 პროცენტია. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიიდან“ კამალ მურადხანოვმა – 923 ხმა დააგროვა, რაც 2,43 პროცენტია.
ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებზე მცირე ხარვეზები დაფიქსირდა და დღეიდან საჩივრების განხილვა დაიწყება, თუმცა, მისივე თქმით, ამ ხარვეზებს არჩევნების შედეგზე გავლენა არ მოუხდენია.