შს მინისტრის გზავნილები

ოპოზიციის ბრალდებების ფონზე, შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგომას არ აპირებს.

თანამდებობიდან წასვლას, გიორგი გახარია პასუხისმგებლობისგან გაქცევად მიიჩნევს. 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენები სამართალდამცავი უწყების პირველმა პირმა ტელე-კომპანია „პირველის“ ეთერში კიდევ ერთხელ გაიხსენა. მინისტრის შეფასებით, მშვიდობიანი პროტესტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამო, ძალადობრივ აქციასა და პარლამენტზე შტურმის მიტანის მცდელობაში გადაიზარდა. გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ აქციის დაშლის ბრძანება პირადად მან გასცა. გადაცემის მსვლელობისას, ვიცე-პრემიერს პასუხების გაცემა მოუხდა კითხვებზე, თუ რატომ არ მოხდა მომიტინგეების წინასწარი გაფრთხილება, რატომ გამოიყენა პოლიციამ რეზინის ტყვიები, რატომ არ მიმართეს თავიდანვე ცრემლსადენი გაზი მხოლოდ იმ რიგებისკენ, სადაც ძალისმიერ მოქმედებებს ჰქონდა ადგილი და რატომ მიეცა სერგეი გავრილოვს ქვეყანაში შემოსვლის უფლება.

ინტერვიუს შინაარსს ოპონენტების მხრიდან კიდევ უფრო მძაფრი რეაქციები მოჰყვა.