შსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც მანგლისში აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისიდან ტექნიკა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ელბაქიძის ქუჩაზე მდებარე ლომბარდიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.