შსს-მ მიხეილ კალანდია დააკავა  

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულთა წრე ფართოვდება.

გახმაურებული მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაკავებულია. საუბარია მიხეილ კალანდიაზე, რომელმაც გამოძიების და სასამართლო პროცესების დროს სხვადასხვა ჩვენება მისცა. გამოძიების ვერსიით, კალანდია უკვე მსჯავრდებულ გ.ჯ-სთან ერთად, დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობდა. სამართალდამცავებმა ის დღეს აიყვანეს – ანუ ერთი დღის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, რომელმაც პირველი ინსტანციის განაჩენში ცვლილებები შეიტანა.

გაჩნდა კითხვა, – რა მტკიცებულებების საფუძველზე აიყვანეს კალანდია, რომლის დაკავებას ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ოპოზიციონერ წევრებთან ერთად, ერთ წელზე მეტია ითხოვდა. დღის წესრიგში კიდევ ერთი მოთხოვნა ჩნდება.

უფლებადამცველები ახლა სამართალდამცავ უწყებებში მომუშავე იმ პირთა პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, რომლებმაც, მათივე განმარტებით, თავის დროზე საქმის ობიექტურად გამოძიებას ხელი შეუშალეს.