უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი იძულების და გამოძალვის ფაქტები გახსნა ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ერთ-ერთი კლუბის მფლობელი და მისი თანამშრომელი, დაწესებულებაში შესულ მომხმარებელს არარსებული მენიუს საფასურის გადახდას აიძულებდნენ. ბრალდებულებმა თურქეთის მოქალაქე ნების საწინააღმდეგოდ ავტომობილში ჩასვეს და ბანკომატიდან 2 500 ლარის გამოტანა მოსთხოვეს. მასთან ერთად კლუბში მყოფ, ასევე თურქეთის მოქალაქეს კი 1 000 ლარი იძულებით გადაახდევინეს. ასევე გამოძალვის ფაქტზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი აიყვანეს. ბრალდებული მაისის შემდეგ იძებნებოდა. სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობენ.