შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში ავტოგასამართი სადგურის ოპერატორზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს.
თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 100 მეტრში, მიმალვის მცდელობისას დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა კომპანია „გალფის“ კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით 500 ლარი გასტაცა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და გატაცებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოკითხვისას დაკავებულმა მის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაული აღიარა. მისივე განაცხადებით, რამდენიმე დღის წინ თბილისში მან სანზონაში მდებარე „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზეც განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, სადაც ოპერატორს დანის მუქარით 300 ლარი წაართვა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.