როგორი წესით აირჩევენ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეს, ეს 22 ნოემბრამდე უნდა გაირკვეს. პარტიაში უკვე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით, რომელმაც პოზიციების შეჯერებით უნდა გადაწყვიტოს, როგორი პრინციპით აირჩევენ ახალ ლიდერს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს, იმისთვის, რომ ახალი თავმჯდომარის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს. პარტიაში ნიკა მელიას, გიორგი მუმლაძისა და გიორგი ჩალაძის გარდა, ახალი კანდიდატების დასახელებასაც არ გამორიცხავენ. გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი ჯანსაღი და ბუნებრივია. რაც შეეხება პარტიაში ორი დაპირისპირებული კლანის გაჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ბარამიძე ამბობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.