შიდაპარტიული არჩევნები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ არჩევნებზე ამომრჩევლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებს არჩევნების ჩატარებას. გიორგი მუმლაძე რამდენიმე საათს აძლევს პასუხისმგებელ პირებს, რომ ოფიციალური განცხადება გააკეთონ, როგორ აპირებენ საკითხის მოგვარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. არსებული ინფორმაციით, რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 26 იანვარს დასრულდება. პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, რეგისტრაციის გახსნიდან 24 საათში უკვე სამი ათასზე მეტი ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული. რაც შეეხება ხმის მიცემა, ეს პროცესი 28 იანვარს დაიწყება. არჩევნებში 4 კანდიდატი მონაწილეობს: მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.