შეზღუდვების ნაწილი ძალაში რჩება – 28 ნოემბრიდან მოქმედი მკაცრი რეგულაციები მხოლოდ შემსუბუქდება. ეს ნიშნავს, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, საქმიანობის უფლებას მხოლოდ სავაჭრო ობიექტები მოიპოვებენ. გადაწყვეტილება არ ვრცელდება ბაზრობებზე, რომლებიც კვლავ დახურული იქნება. თუმცა სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში მომხმარებლები კონკრეტული პირობებით და წესების დაცვით დაიშვებიან – ათდღიან პერიოდში კონტროლის მექანიზმები გამკაცრდება და დარღვევების შემთხვევაში, ობიექტს ან სოლიდური თანხით დააჯარიმებენ, ან ისევ დახურავენ. გადაწყვეტილებას დაბალანსებულად მიიჩნევენ ეპიდემიოლოგები, რომლებიც შეზღუდვების შენარჩუნებას და მკაცრ მიდგომას ემხრობოდნენ.
სასტუმროების მხრიდან უკვე დაანონსებული ხალხმრავალი საახალწლო ღონისძიებების საპასუხოდ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასტუმროებს რესტორნების გახსნა მხოლოდ 21 საათამდე შეეძლებათ, 21 საათის შემდეგ კი დაშვებულია მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. დანარჩენი რესტორნები და კვების ობიექტები მუშაობას ისევ გატანის სერვისზე განაგრძობენ.
ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე და შობის ღამე. ამ გამონაკლისის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას, დღესასწაულები ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.