შეწყალების სკანდალური აქტის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება.
პროკურატურაში დღეს გიორგი ოთხმეზური და თამაზ ქოიავა მივიდნენ, რომელთა შვილების მკვლელობებისთვის გასამართულებული პირები შეწყალებულთა სიაში აღმოჩნდნენ. ორივე მათგანი ჩადენილი დანაშაულებისთვის წლების განმავლობაში იძებნებოდა. ოთხმეზური და ქოიავა მთელ პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებენ. 28 აგვისტოს გაცემული შეწყალების აქტი პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ თემადაც რჩება. ოპოზიციისგან გასხვავებით, სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ მმართველი გუნდის წევრები, თუმცა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების კრიტიკას თავადაც არ ერიდებიან.
საგამოძიებო უწყებაში ჯერ არ დაუბარებიათ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომლის გვარს საპარლამენტო უმცირესობა ყველაზე ხშირად ახსენებს.