პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე გამოძიების დაწყებას სთხოვს პროკურატურას პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი.
საუბარია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლითაც მან პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალების პროცესში არ გამორიცხა კორუფციის თეორიული ალბათობა. ფიქრია ჩიხრაძის თქმით, როდესაც საუბარია ასეთ სერიოზულ ბრალდებაზე პარლამენტის სპიკერმა აუცილებლად უნდა მიმართოს სამართალდამცავ უწყებებს.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ შეწყალების თაობაზე სამართლებრივი დევნის დაწყებას არავინ აპირებს. განცხადებები კი პოლიტიკური შეფასებები იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღეს დამატებითი განცხადებები არ გაუკეთებია სააგენტო on.ge-ს მიერ გავრცელებულ მასალაზე, სადაც საუბარია იმაზე, თუ რამდენი დეპუტატისგან არის გადაგზავნილი წერილები შეწყალების კომისიაში. სააგენტოს ინფორმაციით შეწყალების კომისიაში პარლამენტიდან ყველაზე მეტი წერილი ეკა ბესელიას მიერაა გაგზავნილი, ასევე მოქალაქეთა წერილები გადაგზავნილია სხვა დეპუტატების სახელითაც. საუბარია 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით პერიოდზე.