სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმება ცხრა პუნქტიანია, რომელიც კონფლიქტის ზონაში მხარეების მიერ შესასრულებელ პირობებს განსაზღვრავს. სამი ქვეყნის პრეზიდენტის შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის ზონაში სრულად შეწყდა ცეცხლი და კონფლიქტის მხარეები მათ მიერ დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან. 2020 წლის 20 ნოემბრამდე, აღდამის რაიონი და სომხეთის მიერ ყაზახის რაიონში დაკავებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიები, აზერბაიჯანს დაუბრუნდება. მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზის და ლაჩინის კორიდორის გასწვრივ, რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტი განთავსდება. შეთანხმების ტექსტის მიხედვით, 2020 წლის 15 ნოემბრამდე, სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს კელბაჯარის რაიონს, 1 დეკემბრამდე კი ლაჩინის რაიონს, თუმცა ლაჩინის დერეფანს დაიტოვებს, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღს და სომხეთს შორის. აზერბაიჯანის რესპუბლიკა ლაჩინის კორიდორში მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთის უსაფრთხო გადაადგილების დაცვას უზრუნველყოფს. შეთანხმების თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები ბრუნდებიან მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. მიმდებარე სივრცე გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კონტროლის ქვეშ მოექცევა. სომხეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, რათა ორგანიზება გაეწიოს მოქალაქეების, მანქანებისა და ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას ორივე მიმართულებით.