მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში ავიაკატასტროფის მიზეზი, რომელსაც 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შესაძლოა მფრინავის დაბალი კვალიფიკაცია ყოფილიყო. ცნობას ამის შესახებ რუსეთის საგამოძიები კომიტეტი ავრცელებს.
მომხდარის შესაძლო მიზეზად გამოძიება ასევე განიხილავს მეხის დაცემას და თვითმფრინავის შესაძლო გაუმართაობას. სპეციალისტები ახლა „სუხოი სუპერჯეტ 100-ის“ ორივე შავ ყუთს სწავლობენ. მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში წარმოებულ ავიალაინერ „სუხოი სუპერჯეტს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა პრობლემა 8-ჯერ შეექმნა. ინდონეზიაში ამ თვითმფრინავის კატასტროფას 2012 წელს 45 ადამიანი ემსხვერპლა.
შერემეტიევოში მომხდარი კატასტროფის დროს დაშავებული ექვსი მგზავრი საავადმყოფოებში რჩება. სამის მდგომარეობა კრიტიკულია. ლაინერი მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა. მომხდარის გამო ქალაქ მურმანსკში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.