ისტორიული გამარჯვება და „ღირსების ორდენის“ მიღმა დარჩენილები – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ საპატიო ჯილდოზე 53 ადამიანი წარდგინა, თუმცა პრეზიდენტმა ჯილდოს ღირსად ყველა მათგანი არ მიიჩნია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სიის მიხედვით, ცნობილი ხდება, რომ ჩამონათვალიდან ამოღებულია 19 პირი, მათ შორის – ფედერაციის ვიცეპრეზიდენტები, მწვრთნელებისა და პერსონალის ნაწილი, ასევე, ტექნიკური დირექტორი. ისინი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილ სიაში მოხვდნენ, თუმცა, პრეზიდენტის განკარგულებაში მათი სახელები და გვარები ამოღებულია.
ფაქტს ეხმაურებიან უმრავლესობაში და მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებით პოლარიზაციის კიდევ უფრო გაზრდას ცდილობს.