საპროტესტო აქციების ფონზე დასრულდა არჩევნების შედეგების შეჯამება. საოლქო კომისიებში ჩატარებულმა ბოლო სხდომებმა ოპოზიციური პარტიების, ძირითადად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა ბოიკოტის პირობებში ჩაიარა.
თითქმის ყველა კომისიის შენობასთან დღეს ერთი და იგივე სურათი იყო – ოპოზიცია ამტკიცებს, რომ შემაჯამებელი ოქმები დარღვევებით დაიწერა და დისბალანსი ამომრჩეველთა რაოდენობასა და დაფიქსირებულ ხმებს შორის შეუსწორებლად დარჩა, რასაც კომისიების წარმომადგენლები უარყოფენ, საჩივრების ნაწილის განუხილველად დატოვებას კი მათი დაუსაბუთებლობით ხსნიან. ახლა უკვე დავა სამართლებრივ სივრცეში გრძელდება.