აქციის ფონზე მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების შედგენა ვაკისა და საბურთალოს საოლქო კომისიებში. შენობასთან, სადაც ნომერ მეორე და მესამე საოლქო კომისიები მდებარეობს, ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. აქციას ოპოზიციის რამდენიმე ლიდერიც შეუერთდა.
სხდომა დაწყებისთანავე დატოვეს კომისიებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, მათ შემაჯამებელ ოქმებს ხელი არ მოაწერეს. მათი და აქციის მონაწილეების განცხადებით, ამის მიზეზი ის დარღვევებია, რაც ოლქებში დაფიქსირდა.