გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორი საქართველოშია და შეხვედრებს მართავს. რიჩარდ ნეფიუ უკვე ესაუბრა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. იმსჯელეს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. აუდიენცია შედგა საქართველოს ანტიკორუფციული სამსახურის უფროსთანაც.
დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა გლობალურ ინდექსებში კორუფციის დაბალი დონით ჩვენი ქვეყნის მოწინავე პოზიციაზე. აქცენტი გაკეთდა ბიუროს ძირითად ფუნქციებსა და მიმართულებებზე, ასევე დაგეგმილ ღონისძიებებსა და განხორციელებულ რეფორმებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი და აშშ საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს დირექტორი. რიჩარდ ნეფიუმ დისკუსია გამართა მესამე სექტორის წარმომადგენლებთანაც.