შეხვედრები მოსახლეობასთან

დაახლოებით ერთი თვე რჩება ევროკავშირის სამიტამდე, სადაც საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ იმსჯელებენ. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ სპეციალურ კითხვარზე გაცემულ პასუხებს ახლა ევროკომისია ამუშავებს და ევროსაბჭოსთვის შეფასებას მოამზადებს. ასოცირებული ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ევროპელი ლიდერები 23-24 ივნისს, ევროკავშირის სამიტზე განიხილავენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში შეხვედრებს მართავს. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე ესაუბრა ხატია დეკანოიძე მოსახლეობას ქუთაისში. ის ადგილობრივებს შეხვდა და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებენ.