ბრიუსელში 19-21 ოქტომბერს გამართული ვიზიტი შეაჯამეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეებმა.
გიორგი ვაშაძის და ზურა „გირჩი“ ჯაფარიძის განცხადებით, ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ALDE-ს წევრი პარტიების ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობა, თუმცა შეხვედრები ასევე შედგა ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებთანაც, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოს და რეგიონის საკითხებზე, მათ შორის ევროკომისიის მიერ შედგენილ 12 პუნქტზე. მათივე ინფორმაციით ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში თვლიან, რომ საქართველოს ჰქონდა ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ 2022 წლის ივნისში მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, თუმცა „ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმულმა, ისევე როგორც რიგ შემთხვევაში, არ გადადგმულმა ნაბიჯებმა დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, განაპირობა უარი სტატუსზე და ევროკომისიის მხრიდან მოთხოვნათა 12-პუნქტიანი ჩამონათვალის გაჩენა.
„ქართული ოცნების“ წევრ რატი იონათამიშვილის შეფასებით, დამდგარი შედეგი არის ის, რომ საქართველო გადასულია ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე, რაც არის მუშაობა პერსპექტივაზე.