მეუფე იაკობის რეზონანსული განცხადებების შემდეგ სასულიერო პირების ნაწილი წმინდა სინოდის სხდომის სასწრაფოდ მოწვევას მოითხოვს.
ხმამაღალი გამოსვლებით და ხისტი პოზიციებით ცნობილი მღვდელმთავარი დღეიდან ქორეპისკოპოსის ტიტულს აღარ ატარებს. ბოდბელი ეპისკოპოსი დილით პატრიარქს პირადად შეხვდა, რის შემდეგაც მედიას თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წასვლის შესახებ აცნობა.
მეუფეს ბოდიშის მოხდაც დასჭირდა, თუმცა კიდევ ერთხელ დაადასტურა იმ შეხვედრის ფაქტი, სადაც, მისი მტკიცებით, ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან ერთად მას კათოლიკოს-პატრიარქის ჩანაცვლებაში დახმარებას სთხოვდა. თუმცა მღვდელმთავრის დღევანდელი ტონი შერბილებული იყო, აღარ ისმოდა მუქარაც.
სასულიერო პირებთან ერთად მეუფე იაკობისგან განმარტებებს ელოდება პოლიტიკური სპექტრიც.