საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი საუბარი შედგა ეკონომიკურ განვითარებაზე და ეკონომიკაში დაწყებული რეფორმების გაგრძელების მიმართულებით წინსვლის მიღწევის გზებზე, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრემიერ-მინისტრისა და მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობა, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკის მიერ ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერა და მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ინიციატივა, დააფინანსოს საგზაო პროექტები, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის სექტორები, რეგიონული და მუნიციპალური განვითარება, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებისთვის.