ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ბესიკ თამლიანისა და ზურაბ ბუდაღაშვილის მშობლებთან ერთად გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მივიდა.
კილაძემ დაკავებულები უნდა მოინახულოს. მანამდე კი შეხვედრა გაიმართა პარლამენტში. სოფო კილაძეს დაკავებულების დედებთან ერთად ოპოზიციონერი დეპუტატები, თინა ბოკუჩავა და სერგო რატიანი შეხვდნენ. მშობლები აცხადებდნენ, რომ შვილების მდგომრეობის შესახებ ინფორმაციის მიღება სურთ, მათთან კომუნიკაციის საშუალება კი არ აქვთ. ბოკუჩავასა და რატიანის განცხადებით, რეგლამენტის გათვალისწინებით, მათ საპატიმროში შესვლის უფლება აქვთ, თუმცა ამისთვის პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობა სჭირდებათ, არჩილ თალაკვაძე კი რამდენიმე მიმართვის მიუხედავად, ამ უფლებას არ აძლევთ. დეპუტატების განმარტებით, მიზეზები თავად თავმჯდომარემ უნდა განმარტოს, რისთვისაც მასთან შეხვედრა სურთ. აღნიშნული მოთხოვნით, შეხვედრის შემდეგ დეპუტატებმა არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტთან გადაინაცვლეს. შეხვედრამდე კი ხმაური იყო პარლამენტის წინ, სადაც თინა ბოკუჩავა 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულთა ოჯახის წევრებთან ერთად პარლამენტში შესვლას ითხოვდა.