შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის ორმხრივი თანამშრომლობის ოფიცერს, მაიორ კვინტინ დოლის შეხვდა. მაიორი დოლი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან აქტიურად თანამშრომლობდა, თანამდებობას ტოვებს. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. ლევან ღირსიაშვილმა მაიორ დოლს საქართველოში მისი მუშაობის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მხარს უჭერს როგორც პირადი შემადგენლობის შესაძლებლობათა განვითარების, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური გაძლიერების მიმართულებით. საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, თავდაცვის თანამშრომლობის ოფისმა, 2019 წელს, სამსახურს ექვსი ერთეული მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალება და ერთი სახანძრო-სამაშველო მანქანა გადასცა.