შეხვედრა ორბელიანების სასახლეში

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ გამართული შემაჯამებელი ღონისძიების შემდეგ, შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. მმართველი გუნდის განცხადებით, პრეზიდენტის აქტიურობა მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება. ამასთან, მათივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის საკუთარ დამსახურებად წარმოჩენას ცდილობს. ოპოზიცია კი მმართველ გუნდს ღონისძიებაზე არ დასწრების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის იდეა ერთიანი პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული კამპანიის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში გუშინ გამართულ მიღებაზე სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს კამპანიის მიმდინარეობისას შეგროვებული ის ხელმოწერები გადასცა, რომლითაც ავტორებმა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი დაადასტურეს.