ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კიბოს სკრინინგის საკითხებზე ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა ლექტორებთან შეხვედრა გამართეს და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე პრეზენტაციები წარადგინეს. საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, რომელმაც შეკრებილ საზოგადოებას სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისკენ მოუწოდა. ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს სკრინინგის მოცვის მაჩვენებელზე, ადრეული დიაგნოსტიკისა და პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის როლზე საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაში. ღონისძიება კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო ეროვნული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.