ჯანდაცვის მინისტრი დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა.
მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის მოთხოვნით მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მათ მინისტრთან რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის იყო სისხლში შაქრის საზომი თანამედროვე სენსორ „სიმპლერას” დაფინანსებაზე დაწესებული ასაკობრივი ზღვარის გაუქმება. მოთხოვნებს შორის დასახელდა აპარატი „ლიბრეს“ დაფინანსებაც. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული აპარატის მწარმოებელთან მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა კომპანიას ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის ინტერესი არ აქვს. მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დღეს არსებული სენსორი, სრულად აკმაყოფილებს ყველა საჭიროებას და მისი უფრო თანამედროვე ვერსიით ანუ „სიმპლერას“ სენსორით ჩანაცვლების საჭიროება ყველა ასაკობრივ ჯგუფში არ არსებობს. შეხვედრის დასრულებისას უწყების ხელმძღვანელმა კომუნიკაციაზე მზაობა გამოთქვა და მშობლებს გარკვეული პერიოდულობით შეხვედრასაც დაპირდა.