ჯანდაცვის მინისტრი ქუთაისში დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის თანამშრომლებსა და დევნილებს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძე განსახლების მიზნით მიმდინარე მონიტორინგის პროცესს გაეცნო. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, 720 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებულ ახალ ბინებს მიიღებს.
პარალელურად, მიმდინარეობს მშენებლობა შერვაშიძის ქუჩაზეც. ჯამში, რამდენიმე თვეში ქუთაისში სრულად გარემონტებული ბინა 1040 ოჯახს გადაეცემა. მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების მასშტაბური პროგრამა 2023 წელს დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის ხუთ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში ერთდროულად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.