შეხვედრა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან

პრეზიდენტი დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.   ორბელიანების სასახლეში მხარეებმა წინასაარჩევნო პროცესები და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციასა და მის დაძლევაზე. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლს. პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ მწვავე პოლარიზაციის გამო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ოკუპაცია, პანდემია და ვაქცინაცია, რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები ყურადღების მიღმა რჩება და არჩევნების შემდეგ ქვეყანამ აქტიურად უნდა განაგრძოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება.   ევროპარლამენტარების დელეგაციას საქართველოს პრემიერიც შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება პირველი ტურის მსგავსად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მშვიდ ვითარებაში, გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს, რათა არავითარი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი.