კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს შეხვდა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული მორიგი წარმატება მიულოცა. შეხვედრაზე, რომელსაც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეებიც ესწრებოდნენ, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ფედერაციის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. მინისტრის განცხადებით, წლის ბოლომდე სამინისტრო გამოსცემს სახელმძღვანელო პრინციპებს სპორტული ფედერაციებისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი საქმიანობის გამჭვირვალობა და უფრო ეფექტიანი, სპორტსმენის ინტერესებზე ორიენტირებული მართვა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა, ევროპის 23-ე გუნდურ ჩემპიონატზე ქალთა გუნდურ პირველობაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩემპიონატი სლოვენიაში გაიმართა. გუნდურ წარმატებასთან ერთად, ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი თამაშისას ინდივიდუალურ დაფაზე საუკეთესო შედეგების დაფიქსირებისთვის მცირე ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.