დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე დღეს თბილისში მხარდამჭერებს შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

ბაქრაძის განცხადებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მის ამოცანებს შორის იქნება პენსიების ზრდა, უცხოეთში ქართველების ლეგალური დასაქმება, დასაქმებისა და ინვესტიციების ზრდა და ა.შ.

მან მხარდამჭერებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ცვლილებები აუცილებელია.

„უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ლიდერი იქნება და იტყვის, რომ მას ეხება ყველაფერი. სწორედ ახლა უნდა გავაკეთოთ არჩევანი როგორი პრეზიდენტი ეყოლება საქართველოს, რომელიც შეიკეტება კაბინეტში და იტყვის, რომ ხალხზე მაღლაა თუ პრეზიდენტი, რომელიც ხალხზე იზრუნებს. მჯერა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი თავის სიტყვას იტყვის“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მან პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არასწორია განცხადებები იმის შესახებ, თითქოს პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს.

„პრეზიდენტს უნდა აწუხებდეს ყველაფერი, რაც აწუხებს ხალხს და ქვეყანას, უნდა აწუხებდეს უმუშევრობა და ამის გამოსასწორებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს. ყველა ქვეყანაში უნდა შეხვდეს მსხვილ ბიზნესმენებს და ჩამოიყვანოს ინვესტორები საქართველოში. პრეზიდენტს შეუძლია, დაეხმაროს ხალხს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. გერმანიის კანცლერმა ჩვენთან შეხვედრის შემდეგ პირველად თქვა, რომ გერმანიაში მყოფ ქართველებს მისცემენ მუშაობის უფლებას“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი დაპირება პენსიის ზრდას ეხება. ასევე, მან მთავარ დაპირებად დაასახელა ახალგაზრდების განათლებაში ინვესტირება.

„ევროპულ საქართველოს“ გვაქვს გეგმა, როგორ შევცვალოთ განათლების სისტემა. პრეზიდენტს გააჩნია სარეზერვო ფონდი და ჩემი არჩევის შემთხვევაში, სარეზერვო ფონდის მინიმუმ 50 პროცენტი მოხმარდება ახალგაზრდების განათლებას. ყველაფერი, რაც ჩამოვთვალე, შესრულებადია. ოღონდ ამ სჭირდება ქმედითი პრეზიდენტი და არა ისეთი, რომელიც კაბინეტში ჩაიკეტება ან ვეტოების დადებით იქნება დაკავებული“, – განაცხადა ბაქრაძემ.