შეიცვლება თუ არა პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა კონფიგურაცია. ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საპარლამენტო უმრავლესობიდან შვიდი დეპუტატის შესაძლო წასვლის თემა დღის წესრიგში დადგა.
თუ ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები სასამართლოს რეფორმაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე თანაგუნდელებთან კონსენსუსს ვერ მიაღწევენ და გუნდს დატოვებენ, ასეთ შემთხვევაში „ევროპულმა საქართველომ“ შესაძლოა საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგოს, რადგან უმრავლესობის და უმცირესობის მიღმა უკვე 21 დეპუტატი აღმოჩნდება. და ეს მაშინ, როცა „ევროპული საქართველო“ ამ დროისთვის 20 წევრს აერთიანებს.