ჩეხეთის პოლიციამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების პრევენციული ზომები მიიღო, რომელიც პირველ იანვრამდე გაგრძელდება. ხვალ, 23 დეკემბერს კი ქვეყანაში გლოვის დღე გამოცხადდა. პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში სროლას 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 25 პირი, მათგან ათის მდგომარეობა მძიმეა. ნაპოვნია თავდამსხმელის ცხედარი, ის 24 წლის მამაკაცია, ამავე უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი.
პოლიციის ცნობით, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე გარდაცვლილი იპოვეს ეჭვმიტანილის მამაც. ამასთან, სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა 24 წლის თავდამსხმელი იყო პასუხისმგებელი გასულ კვირას პრაღის მახლობლად, კლანოვიცკის ტყეში ორი ადამიანის მკვლელობაზე.
ამასთან, ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტის შენობაში დიდი რაოდენობით იარაღი იპოვეს და რომ არა პოლიციის სწრაფი რეაგირება, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.