შეიარაღებული ძალები და პანდემია
შეიარაღებული ძალები და პანდემია

„როდესაც ადამიანს ეჩვენება, რომ ყველაფრის პასუხი იცის, ღმერთი ყველა კითხვას ცვლის”

 მეგობრის წერილიდან

 

იმ მრავალ მოსაზრებას შორის, რომელიც COVID-19-ის შესახებ ვრცელდება, ერთი, რომელიც კაბალისტ მიქაელ ლაიტმანს ეკუთვნის, თავისი ორიგინალობით, განსკუთრებულ ყურადღებას იქცევს: მისი აზრით, ჩვენ, დედამიწელები, მადლიერნი უნდა ვიყოთ  ვირუსის პანდემიური გავრცელებისა, ვინაიდან ამან, არც მეტი, არც ნაკლები, გაურკვეველი დროით გადაწია მესამე მსოფლიო ომი, რომელიც აგერ-აგერ უნდა დაწყებულიყო. ასეა თუ არა, ამას, რა თქმა უნდა, დრო გვაჩვენებს. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ დედამიწელებმა დღეს გლობალური ომისათვის მოიცალონ, ვინაიდან მათი არმიები რეალურად პანდემიის შეკავების ღონისძიებებში ისევე აღმოჩნდნენ ჩართული, როგორც თავად ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები, პოლიციელები და უამრავი სხვა პროფესიის ადამიანი, რომლებმაც აუცილებლად უნდა იმუშაონ, რომ საზოგადოების ფუნქციონირება არ შეწყდეს. ბუნებრივია, ამ ფონზე, გამონაკლისს არც საქართველოს სამხედროები წარმოადგენენ. ამას ყველა ხვდება, ამიტომაც, საკარანტინო ზონად გამოცხადებულ ორ რეგიონში, მათი გამოჩენა სიხარულით თუ არა, მშვიდად იქნა აღქმული.

ბუნებრივია, ჩნდება რამდენიმე კითხვა სამხედრო ძალის ამდაგვარი გამოყენების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. თუმცა, იმასაც ყველა აცნობიერებს, რომ სამხედროების გარეშე შესაბამის ღონისძიებათა ჩატარება არათუ გართულდებოდა, არამედ, შესაძლოა, შეუძლებელიც გამხდარიყო. ამიტომ, არც კითხვას არ სვამს არავინ.

გლობალურად რა ვითარებაა ამ მხრივ?

აზია, ევროპა, ამერიკა, აფრიკა, ავსტრალია, ყველა კონტინენტი რომელიც პანდემიამ მოიცვა, ყველა ქვეყანამ, რომელიც ამ კონტინენტებზეა და პანდემიის არეალში მოხვდა, ამა თუ იმ ფორმით, საკუთარი სამხედრო ძალები მოძრაობაში მოიყვანა. მაგალითად:

საფრანგეთი: პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს „ომს უჩინარი მტრის წინააღმდეგ“ და აანონსებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოსახლეობის მხარდაჭერისათვის საარმიო ოპერაციას „გამძლეობა“ : ოპერაციის მიზანია ლოგისტიკური მისიების განხორციელება, ჯანდაცვის სისტემის ხელშეწყობა და საფრანგეთისა და მისი გარე ტერიტორიების დაცვა. ამისათვის, ზღვის გადაღმა ტერიტორიების ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერისათვის გამოყოფილი იქნა ორი სადესანტო ხომალდი საფრანგეთის გვიანასა და ინდოეთის ოკეანის სამრეთ რეგიონში განსათავსებლად.

დიდი ბრიტანეთი: ჯანდაცვის ეროვნული სამსახურების მხარდაჭერისათვის გამოჩნდა ბრიტანული სამხედრო ძალაც: უკვე 23 მარტს 250-მდე სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო სამოქალაქო ადმინისტრაციების მხარდაჭერაში, ხოლო 20 000 გადაყვანილი იქნა მუდმივი მზადყოფნის მდგომარეობაში, მათი საჭიროებისამებრ მყისიერად ჩართვის მიზნით. ასევე მზადყოფნის რეჟიმზეა გადაყვანილი ვერტმფრენები, როგორც COVID-19-ის პანდემიაზე სამხედრო პასუხის შემადგენელი.

„ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები მზადყოფნაში არიან, რომ ყველა საფრთხისაგან დაიცვან დიდი ბრიტანეთი და მისი მოქალაქეები COVID-19-ის ჩათვლით“, – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივანმა ბენ უოლესმა. „მათი ჩართულობა საშუალებას მოგვცემს მივწვდეთ იმ იზოლირებულ დასახლებებს, რომელთაც, შესაძლოა, არ შეუძლიათ მიიღონ სასწრაფო სამედიცინო დახმარება კორონავირუსის კრიზისის შემთხვევაში“.

გერმანია:გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრამპ-კარენბაუერმა COVID-19-ის  შესაჩერებლად დაანონსა ის „შორს მწვდომი ზომები“, რომლის განხორციელებას ბუნდესვერი აპირებს: 3000 სამხედრო ექიმი ახლა არის მზად, რომ ჩაერთოს. თუმცა, გარდა ამისა, ბუნდესვერს შეუძლია უზრუნველყოს კარვები საწოლებით და 1200 საწოლი იზოლირებულ ფართობებზე. ამჟამად ბუნდესვერი დაკავებულია დაახლოებით 75000 რეზერვის მოსამსახურეთა მობილიზაციით, რომელთაგან 935 სამედიცინო სამსახურისთვის არის განსაზღვრული. მოგვიანებით, დაგეგმილია სხვა სარეზერვო ძალებიდან რეზერვის ოფიცერთა გააქტიურება. ეს რეზერვი გათვალისწინებული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის და სხვა სტრატეგიული ობიექტების დასაცავად, თუ კი ამჟამინდელი დაცვის სისტემა, პანდემიის გამო, კოლაფსს განიცდის.

სინგაპური:სინგაპურის შეიარაღებული ძალები ჩართულია მოსახლეობაში პირბადეების დისტრიბუციის პროცესში, აეროპორტის მონიტორინგსა და კონტაქტების იდენტიფიცირების მხარდაჭერაში.

არმიების ამდაგვარი, ერთი შეხედვით, უჩვეულო გამოყენების უკან გარკვეული ლოგიკა იგულისხმება:

პირველი, რა თქმა უნდა, ორგანიზებულობაა: შეიარაღებული ძალები, მიუხედავად მათი სიძლიერე-სისუსტისა, ზოგადად, ყველგან, ერთადერთი ინსტიტუტია, რომელიც ორგანიზაციული უნარებით ყველა სხვა საზოგადოებრივ ინსტიტუტზე მაღლა დგას. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ დავალების ფოკუსის სწრაფი იდენტიფიცირება და ასევე სწრაფად შესაბამისი სამოქმედო ალგორითმის გამომუშავება და აღსრულება. რაც შეეხება აღსრულების პროცესის მონიტორინგს, ინფორმაცია სწრაფად მოძრაობს „ქვემოდან“ „ზემოთ“ და პირიქით, რაც გაუთვალისწინებელ ვითარებებზე ასევე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. ეს ორგანიზაციული უნარები, რა თქმა უნდა, ყველაზე სანდო დასაყრდენია იმათთვის, ვისაც სწრაფი და ზუსტი მოქმედებები სჭირდება სხვადასხვა საჭიროებაზე საპასუხოდ.

მეორე, ეს გახლავთ არმიების ტექნიკური, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რომელიც, სულ ცოტა, აორმაგებს სამოქალაქო ორგანოების შესაძლებლობებს ამა თუ იმ არასტანდარტული (კრიზისული) სიტუაციების მართვისას.

მესამე, და ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი აზრით, გახლავთ ის ფსიქოლოგიური ეფექტი, რომელსაც ჯარისკაცის გამოჩენა და სიტუაციის მართვაში მისი მონაწილეობა იწვევს: მოქალაქეები მას იმედის თვალით უყურებენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ამჯერად მათი ბედი მყარ, პროგნოზირებად  და საიმედო ხელშია. შესაძლოა, ვინმეს ეს საკამათოდ ეჩვენოს, მაგრამ ეს მაინც ასეა. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება, სულ ცოტა, დაცულია მასობრივი პანიკისგან, რაც თავის მხრივ, სიტუაციის დარეგულირებას აადვილებს. შესაბამისად, სამხედრო დაწესებულებებს სხვა არანირი მისია რომ არც გააჩნდეს, მარტო ეს ფსიქოლოგიური ეფექტიც საკმარისი საფუძველი იქნებოდა იმისთვის, რომ სხვადასხვა მთავრობები სამხედრო ძალის გამოყენებაზე წასულიყვნენ.

ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლებამაც ეს ნაბიჯი გადადგა.თუმცა, ამ ბუნებრიობას (და არა მხოლოდ ქართულ რეალობაში) თავისი სპეციფიკა გააჩნია და ეს სპეციფიკა შესაბამის შეკითხვებსაც აჩენს:

1.      სამხედროების მოქმედება მკაცრადაა რეგლამენტირებული და მათი ნებისმიერი ამოძრავება გარკვეულ ოპერატიულ ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუსტად უნდა იყოს მითითებული თუ რა ტიპის სამხედრო ოპერაციასთან გვაქვს საქმე?

2.      რა დოქტრინას ეფუძნება სამხედრო ძალის ამდაგვარი გამოყენება და არსებობს თუ არა ამ დოქტრინის გამოყენების გამოცდილება?

3.      რა სამხედრო რესურსის ხარჯვას მოითხოვს ამდაგვარი ოპერაცია, თუ სამხედროების გამოყენება დროში გაიწელა და არსებობს თუ არა ეს რესურსი?

4.      რა რჩება სახელმწიფოს ინსტრუმენტად თუკი არსებულ ვითარებას სამხედრო საფრთხის მოგერიების საჭიროებაც დაერთო?

ეს კითხვები საკმაოდ სერიოზულია, თუმცა საკმაოდ ზოგადიც და თითოეული მათგანი ასევე დაზუსტებას საჭიროებს. ბუნებრივია, თუკი ამის შესაძლებლობა გვექნა, ვეცდებით, შემდგომ წერილებში ავხსნათ თითოეული იმისათვის, რომ მათი სერიოზულობა დავანახოთ მკითხველს.

 

ავტორი: დავით თევზაძე

ფოტო: ირაკლი გედენიძე