შეიარაღებული ამბოხება სუდანში

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაპირისპირება ქვეყანაში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები მიიტანეს დედაქალაქ ხართუმთან მდებარე „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ბაზაზე.

დაღუპულები არიან მებრძოლებსა და სამხედროებს შორისაც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულია 600-მდე ადამიანი. საავადმყოფოში დაჭრილების გადაყვანის მიზნით, მხარეები სამი საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა აფეთქებები და სროლა მაინც არ შეწყვეტილა. დაპირისპირებულ ძალებს ეგვიპტემ და სამხრეთ სუდანმა შუამავლობა უკვე შესთავაზეს. შეტაკებები რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ ქვეყნის არმიაში სამხედრო დაჯგუფების გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების გამო დაიწყო.