შეფასებები სააკაშვილის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ფაქტზე
დაირღვა თუ არა რუსთავიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს მიხეილ სააკაშვილის უფლებები, – კითხვა, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგის ახალი თემა ხდება.
სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, გახდა თუ არა სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანის დროს ექს-პრეზიდენტი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. ციხიდან გამოგზავნილ წერილში სააკაშვილი ყვება, რომ მასზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადეს და ინექციის გაკეთება ძალის გამოყენებით სცადეს, რასაც ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია. პატიმართან შეხვედრის და ციხის საავადმყოფოს დათვალიერების შემდეგ ომბუდსმენის მოთხოვნა უცვლელია – კონსილიუმის მოთხოვნებთან შეუსაბამობის და უსაფრთხოების მაღალი რისკების არგუმენტით, ნინო ლომჯარია სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. ანალოგიური პოზიცია აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. ასევე ამერიკის ელჩს, რომელიც ექს-პრეზიდენტსაც მიმართავს და ექიმების მითითებების შესრულებას სთხოვს. ადვოკატები კი პირდაპირ ამბობენ, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში ყოფილ პრეზიდენტს ლიკვიდაციის საფრთხე ემუქრება. რადიკალურად განსხვავებულია ყოფილი პრეზიდენტის უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად შექმნილი ჯგუფის წევრთა პოზიცია.