ციხის სამკურნალო დაწესებულება თუ სამოქალაქო კლინიკა – მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა.
პროტესტის უკიდურესი ფორმის მიმართვიდან 26-ე დღეს ყოფილი პრეზიდენტის პარტია პატიმრის ჯანმრთელობის უკიდურესად დამძიმებას ყოველ წუთს ელოდება. „ნაციონალური მოძრაობა“ დახმარებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობას და საელჩოებს მიმართავს. მთავარი მოთხოვნა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა იმ არგუმენტით, რომ ციხის საავადმყოფოში საჭირო კვლევები და მკურნალობის კურსი ვერ ჩაუტარდება და უსაფრთხოების რისკებიც გაიზრდება. მმართველ გუნდს სახალხო დამცველის და ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებას სთხოვს ოპოზიციის ნაწილი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც. თავის მხრივ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და საჭიროების შემთხვევაში ექიმთა ჯგუფის მიერ რეკომენდებული კვლევები ციხის საავადმყოფოში ჩაუტარდება.