ოთხი კონგრესმენის წერილის სრული ვერსიის გასაჯაროების შემდეგ, შეფასებები კვლავ აქტიურად კეთდება. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ წერილის ავტორები, სათანადოდ ინფორმირებულები არ არიან. განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრება. „ევროპულ საქართველოში“ თვლიან, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაფრთხილება. შეგახსენებთ, რომ ტექსტის სრული ვერსია მთავრობამ გუშინ საღამოს გაავრცელა. წინა შემთხვევის მსგავსად, მიმართვა ამჯერადაც კრიტიკულ გზავნილებს მოიცავს. ოთხი კონგრესმენი ეკონომიკურ ვარდნაზე, ანაკლიის პორტის პროექტზე, დაბლოკილ ფეისბუქ-გვერდებზე და მმართველი პარტიის ოპონენტთა მიმართ პროკურატურაში აღძრულ ძველ საქმეებზე მიუთითებს.