საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და მოსამზადებელი სამუშაოების გამო, დღეს და ხვალ თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ და უკუმიმართულებით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის, ყოფილი ელბაქიძის დაღმართის გავლით იმოძრავებს.
გარდა ამისა, კოტე აფხაზის, ყოფილი ლესელიძის ქუჩაზე ამავალი მიკროავტობუსები, გორგასლის ქუჩიდან სვლას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განაგრძობენ, ხოლო წავკისის, კოჯრის, ოქროყანის, შინდისის, ტაბახმელასა და კიკეთის ავტობუსები მოძრაობას ამაღლების ქუჩასთან დაასრულებენ. 27 მაისიდან რუსთაველის გამზირზე და პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.