შიდა არჩევნებმა და ახალი თავმჯდომარის არჩევამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირებას წერტილი მაინც ვერ დაუსვა.
არჩევნებში დამარცხებული ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუნდის წევრები საკადრო წმენდაზე იწყებენ საუბარს. მათ შორის არიან წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებიც დაკავებულ პოზიციას ჩამოაცილეს და მათ შორის ერთ-ერთს პარტიის „ფეისბუქ“-გვერდთან წვდომაც შეუზღუდეს. მელიას მხარდამჭერები დავით კეზერაშვილის ნათესავის, დიმიტრი ჩიქოვანის ფაქტორზე და არაფორმალურ მმართველობაზეც მიუთითებენ. პარტიაზე სწორედ კეზერაშვილ-მერაბიშვილის გავლენების გაძლიერებად შეფასდა ყოფილი თავმჯდომარის გუნდის მხრიდან ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება. საარჩევნო მარათონის თანმდევი მწვავე დაპირისპირების დასრულების და გაერთიანების აუცილებლობაზე განცხადებები ამ ეტაპზე მხოლოდ განცხადებებად რჩება. ორად გაყოფილი პარტიისთვის გაერთიანება კვლავ ვერ ხერხდება.