არჩევნებმა წარსულში ერთმანეთთან მწვავედ დაპირისპირებული პოლიტიკური აქტორების გზები გადაკვეთა.
ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, ანა დოლიძის პარტიის და მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ კოალიციას შეუერთდა. ოპოზიციურ ფლანგზე რიგით მესამე ცენტრის შემადგენლობის გაფართოებამ ყველას სამი წლის წინ სატელევიზიო სტუდიაში მომხდარი ინციდენტი გაახსენა. მაშინ მამუკა ხაზარაძეს საჯაროდ დაუპირისპირდა „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდგომ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტს მალევე გაემიჯნა და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. იყო შეურაცხმყოფელი რეპლიკები და ეპითეტები ერთმანეთის მისამართით. ხაზარაძემ ელისაშვილს ოპოზიციის საერთო შეხვედრებზე მისვლაც კი აუკრძალა. თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკოსებმა უთანხმოება წარსულს ჩააბარეს. სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით მათ პარტნიორობას სკეპტიკურად შეხვდნენ ოპოზიციურ ფლანგზეც.