ექვსთვიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია.
ისტორიული შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე საათში ევროპელი მედიატორი საქართველოში ჩამოვიდა. შარლ მიშელი მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან მადლობებს იღებს. ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ კორექტირებულ ხუთ პუნქტიან დოკუმენტზე ხელმოწერებს მიშელი ორივე მხარის სიძლიერედ და გამბედაობად აცხადებს. ევროკავშირის მაღალჩინოსანმა ვიზიტი პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებით დაიწყო. პროცესის მთავარი მედიატორი ახლა შეთანხმების პუნქტების შესრულებას ელის და იმედი აქვს, რომ დოკუმენტს სხვა პოლიტიკური ძალებიც შეუერთდებიან. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღეს საქართველოს ევროკავშირის გვერდით დგომა და სრული მხარდაჭერა დაუდასტურა. ამ გზავნილს პოლიტიკური კრიზისის დროს ბრიუსელიდან გაკეთებული ბოლოდროინდელი მძიმე და გამაფრთხილებელი განცხადებების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.