ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებას თბილისში პოლიტიკური შეფასებები და ურთიერთბრალდებები მოჰყვა. პოლიტიკური სპექტრი შარლ მიშელის იმ განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი 2030 წლისთვის გაფართოებისთვის მზად უნდა იყოს და ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ევროგაერთიანებაში არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა მმართველი გუნდი რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, პროცესის საბოტაჟირებას ცდილობს.
ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობენ უმრავლესობაში. „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, ოპოზიცია საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას ცდილობს და ამისთვის ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებს.