კრისტიან დანიელსონი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, „ფეისბუქზე“ დაწერა: „შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი. დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები.“,- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, მანამდე კრისტიან დანიელსონის დაბრუნების შესახებ განცხადება „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას მხარეებს შორის მედიაცია დაევალა. 12-14 მარტს გამართული შეხვედრების შემდეგ, მან ვიზიტი გაახანგრძლივა. გაიმართა ერთობლივი შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობითაც, თუმცა უშედეგოდ.
შვედი დიპლომატის დაბრუნების გადაწყვეტილებას მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს: „მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
მოამბე